ინფორმირებული თანხმობის ფორმა
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება — ანტარქტიდის ვირტუალური მისია
წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით ვადასტურებ ჩემს ნებაყოფლობით თანხმობას, რომ შპს საქართველოს უნივერსიტეტმა (შემდგომში — „უნივერსიტეტი") დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები შემდეგი პირობებით:
1. დამუშავების მიზანი
მონაცემები მუშავდება უნივერსიტეტის პროექტში („ანტარქტიდის ვირტუალური მისია") მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს:
- პროექტის მონაწილეთა სიის ფორმირებას, მონაწილის სახელის, გვარისა და უნივერსიტეტთან კუთვნილების სტატუსის გამოქვეყნებას პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მონაცემების ბაზაში შენახვას;
- მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ანტარქტიდის მისიის სიმბოლური/სამახსოვრო ფოტომასალის გაგზავნას.
2. მონაცემთა კატეგორიები
უნივერსიტეტი ამუშავებს სარეგისტრაციო ფორმაში ჩემ მიერ მითითებულ მონაცემებს:
- სახელი და გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- უნივერსიტეტთან კუთვნილების სტატუსი.
3. განთავსების არეალი
3.1. თანხმობა ვრცელდება პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე მონაწილის სახელის, გვარისა და უნივერსიტეტთან კუთვნილების სტატუსის საჯაროდ განთავსებაზე.
3.2. ელექტრონული ფოსტის მისამართი არ ქვეყნდება საჯაროდ, ინახება უნივერსიტეტის დაცულ მონაცემთა ბაზაში შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მონაცემთა დამუშავების ვადა
4.1. მონაწილის პერსონალური მონაცემები მუშავდება და ვებგვერდზე საჯაროდ განთავსდება მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევამდე;
4.2. წინამდებარე თანხმობა მოქმედებს პროექტის მიმდინარეობისა და დასრულებიდან 2 წლის ვადით, ან მანამ, სანამ მონაცემთა სუბიექტი თავად არ გამოიხმობს თანხმობას;
4.3. ვადის ამოწურვის ან თანხმობის გამოხმობის შემდეგ უნივერსიტეტი წყვეტს ახალი მასალების გამოქვეყნებას მონაცემთა სუბიექტის მონაწილეობით, თუმცა მანამდე გამოქვეყნებული პოსტები რჩება ვებგვერდსა და ბაზაში, თუ მონაცემთა სუბიექტი არ მოითხოვს მათ წაშლას.
5. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
ინფორმირებული ვარ, რომ ვსარგებლობ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული უფლებებით, რაც მოიცავს შემდეგს:
- წვდომის უფლება — მივიღო ინფორმაცია, თუ რა პერსონალური მონაცემები მუშავდება და რა მიზნით;
- შესწორების/განახლების უფლება — მოვითხოვო არაზუსტი ან არასრული მონაცემების შესწორება ან განახლება;
- წაშლის უფლება („დავიწყების უფლება") — მოვითხოვო მონაცემების წაშლა, თუ მათი დამუშავება აღარ არის საჭირო მიზნის მისაღწევად ან თანხმობა გაუქმებულია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;
- დამუშავების შეზღუდვის უფლება — მოვითხოვო მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
- თანხმობის გამოხმობის (უარის თქმის) უფლება — ნებისმიერ დროს გამოვიხმო გაცემული თანხმობა;
- გასაჩივრების უფლება — უფლებების დარღვევის შემთხვევაში მივმართო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.
6. თანხმობის გამოხმობა
ინფორმირებული ვარ, რომ მაქვს უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, გამოვიხმო გაცემული თანხმობა. ამისათვის საკმარისია წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: [email protected].
თანხმობის გაუქმების მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტას და შესაბამისი მასალის წაშლას სასწავლებლის მართვის ქვეშ არსებული ვებგვერდიდან. ვაცნობიერებ, რომ ინტერნეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი ვერ აგებს პასუხს იმ მასალაზე, რომელიც თანხმობის გამოთხოვამდე გადაზიარდა (Share), ჩამოიტვირთა ან სხვაგვარად გავრცელდა მესამე პირების/გვერდების მიერ.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მიმართეთ:
შპს საქართველოს უნივერსიტეტი — [email protected].
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: შპს უსაფრთხო მონაცემთა გადაწყვეტილებები — [email protected].
დადასტურება
ვადასტურებ, რომ მომეწოდა სრული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების, მოცულობისა და ჩემი უფლებების შესახებ. ჩემი თანხმობა არის ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და ცალსახა.